მთავარი

пятница, 3 января 2014 г.


     სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს  81 წელი უსრულდება.

      მრევლს დღეს, 19:00–დან 21:00 საათამდე  საპატრიარქოში საშუალება ექნება, უწმინდესს იუბილე მიულოცოს.

ტრადიციები


ალილოობა საქართველოში

- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო
- ანგელოზები გალობენ
დიდება მაღალთა შინა
- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას
- ჩიტი ღობეზე შემოჯდა
იძახოდა ქრისტეშობას
- ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა
შობის მახარობელიო
- ალათასა ბალათასა
ხელი ჩავკარ კალათასა
შიგ რომ ვერა ვიპოვე-რა
ღმერთი მოგცემს ბარაქასა
- ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსაო

    ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ხოლო მისი შობა ასე მოხდა: იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა ჩასულიყო და აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. როგორც იცით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დანიშნული იყო მართალ იოსებზე. და აი, მათ მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და მის შორიახლოს საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი და ამით გვიქადაგა თავმდაბლობა. ბაგის ახლომახლო მწყემსები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და თბებოდნენ. ამ დროს ისინი უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს: რას დგახართ აქ? დღეს თქვენთვის იშვა მაცხოვარი. და აი, ნახავთ მას ბაგაში თავის დედასთან ერთად. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდი უჩინო შეიქმნა. მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საითაც ანგელოზებმა მიანიშნეს და იქ, მართლაც, იხილეს უბრალო სახვევებში შეხვეული ჩვილი იესო ყოვლადწმიდა ქალწულის მკლავებში და თაყვანი სცეს მას. შემდეგ კი გახარებულნი დაბრუნდნენ მინდორში და ადიდებდნენ ღმერთს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ხილვის ღირსნი გახადა (ლუკა 2, 8-20).
     ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ  ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ:
 „ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ         

შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)
„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)
შობა- შობა მარიობა,
შობის ახალ წელიწადი,
ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ.
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ჩიტი შემოჯდა ოლესა,
იძახის მარიობასა
ღმერთმა ყველა დაგვასწროს
აღდგომა –მარიობასა”  (რაჭა)

    მეალილოებს ყველა მოუთმენლად ელოდა, რათა მათგან მოესმინათ სასიხარულო ამბავი, დალოცვა და, რაც მთავარია, ალილო. „ალილო“ წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. მეალილეები მგალობლები და ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილეები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც. ზოგან, მაგალითად, თუშეთში მათ საგანგებოდ გამომცხვარი ორი დიდი ქადით „ალილოს კოტორით“ უმასპინძლდებოდნენ. მეალილეები ერთს იქვე შეჭამდნენ, მეორეს თან წაიღებდნენ. ალილოობის ბოლოს მეალილეები სადმე იკრიბებოდნენ, ზოგან ბოლო მასპინძლის ოჯახში რჩებოდნენ და ერთად, მხიარულებაში ატარებდნენ ამ ბედნიერ დღეს.
ჩვენი წინაპრები ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად აჯილდოვებდნენ მეალილეებს  ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, რომელიც შობის სიმბოლოა და რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ მწყემსებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით ადამიანთა გამოხსნის უდიდესი საიდუმლოს შესახებ უნდა ეუწყებინათ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის, ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.     


     შობას წესად ძღვნის მირთმევაც სცოდნიათ. სამეგრელოში ნათლული ნათლიას მამალს, ღვეზელს და კვერს მიართმევდა. გურიაში რძლის მშობლებს ანუ მძახლებს უგზავნიდნენ ძღვენს. ეს შეიძლება ყოფილიყო ხარი ან ძროხა, ცხვარი, ინდაური, ღვინო, პურები, ხაჭაპურები და უსათუოდ საშობაო ღვეზელი.

 აი, ასეთი ძვირფასი და დიდი დღესასწაული იყო შობა ქართველისათვის.

კიდობანი

დიდი ქართველი მწერლები

არტურ ლაისტის მოგონება ილია ჭავჭავაძეზე


როგორ ასწავლა ილიამ ლადო მესხიშვილს ქართული

    ლადო მესხიშვილი დაიბადა ცნობილი ქირურგის - სარდიონ მესხიშვილის ოჯახში. სარდიონს პეტერბურგის ქირურგიული აკადემია ჰქონდა დამთავრებული. როგორც შეძლებულ და განათლებულ კაცს, უნდოდა შვილებიც განათლებულები ჰყოლოდა, მის ოჯახში მხოლოდ ფრანგული ლაპარაკი ისმოდა, გუვერნიორების ტევა არ იყო. პატარა ლადო მამამ ჯერ ფრანგულ პანსიონში მიაბარა, სადაც მარტო ფრანგულად ასწავლიდნენ. ოთხი წლის შემდეგ ისურვა, მას გერმანულიც სცოდნოდა და ერთი გერმანელის ოჯახში მოაწყო. ქართული ვიღას ახსოვდა. არადა, სარდიონ მესხიშვილი მამათა და შვილთა ბრძოლში მამების მხარეს იდგა და 1861 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეექვსე ნომერში ილია ჭავჭავაძის გამაკრიტიკებელი წერილი გამოაქვეყნა, ენას უწუნებდა პოეტს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ლადო კიევის სამხედრო გიმნაზიაში მოხვდა. ამის შემდეგ სულ საქართველოს გარეთ იყო, იქ დაავადდა, ერთი კეთილი ადამიანის წყალობით მასწავლებლის მოწმობა მიიღო, ჩამოვიდა თბილისში და, რაკი სცენა უყვარდა, ხოლო ქართული არ იცოდა, რუსულ დასში ჩაეწერა. ილია ჭავჭავაძე და დავით ერისთავი რომ არ გამოჩენილიყვნენ, ქართული თეატრი და კულტურა დიდ ხელოვანს დაკარგავდნენ.
ასეა. მამა ქართული ენის ქომაგი იყო და შვილს ქართველობას აკარგვინებდა, საქართველოს კი შვილს უკარგავდა.
     მსახიობ კოტე ყიფიანისაგან დავით ერისთავს ესმა, რომ რუსულ დასში ერთი შესანიშნავი ქართველი მსახიობი ჰყავდათ, რომელმაც სამწუხაროდ ქართული არ იცოდა. დავით ერისთავი დაინტერესდა და ილია ჭავჭავაძესთან ერთად თეატრს მიაშურა. იდგმებოდა ი. ჩერნიშევსკის „წამხდარი ცხოვრება“, რომელშიც ლადოც მონაწილეობდა. ახალგაზრდა მსახიობს ისე მოუხიბლავს დავით ერისთავი, რომ მწერალს წამოუძახნია: ძლივს არ ვნახე ჩემი ხიმშიაშვილიო. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ილიასთან ერთად კულისებში წასულა ლადოს გასაცნობად. ილიამ რომ გაიგო, ლადო სარდიონის შვილი იყო, გაუკვირდა, ქართული ენის ქომაგის შვილმა მშობლიური ენა როგორ არ იცისო.
   - სარდიონის შვილს არ გეპატიებათ მშობლიური ენის არცოდნა. როგორი ქართველი ხართ, ყმაწვილო, როდესაც სამშობლოს სცენას გაურბიხართ. არ არის მოსაწონი თქვენი საქციელი. ჩვენი სცენა ჯერჯერობით ღარიბია და ვისაც ნიჭი და უნარი აქვს, მოვალეა მის აყვავებას შეუწყოს ხელი.
    ლადო დარცხვენილი იდგა დიდი ილიას წინ. 
 ილია სიყვარულით შესცქეროდა ნიჭიერ ჭაბუკს და იმას ფიქრობდა, როგორ შემოებრუნებინა იგი ქართული სცენისაკენ. დავით ერისთავიც ვერ ისვენებდა. მან უკვე იპოვა ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, მაგრამ ლადომ რომ ქართული არ იცოდა? ლადომ პირობა დადო, რომ ქართულს ისწავლიდა. აასრულა კიდეც დაპირება, ისწავლა ქართული მეტყველება, მონაწილეობდა სხვადასხვა ქართულ სპექტაკლებში, იყო წარუმატებლობაც და წარმატებაც. ბოლოს დადგა 1882 წლის 20 იანვარი. თბილისის თეატრს ზღვა ხალხი მიაწყდა. პირველად იდგმებოდა „სამშობლო“. მეორე მოქმედებაში სცენაზე გამოჩნდა ლევან ხიმშიაშვილი - ლადო მესხიშვილი. მისმა თამაშმა აღაფრთოვანა მაყურებელი. როგორც ეკატერინე გაბაშვილი იგონებს, როცა მესამე მოქმედებაში სცენაზე ქართული დროშა შემოიტანეს და გმირები ფიცს დებდნენ,  მაყურებლები ერთიანად ფეხზე დადგნენ და ეროვნული დროშის წინ მუხლს მოიყრიდნენ, რომ თეატრი გაჭედილი არ ყოფილიყო და მუხლის მოსადრეკი ადგილი ჰქონოდათო.
სწორედ ამ ამბავმა გააღიზიანა რუსი შოვინისტები, ამიტომ დაბეჭდა გესლით და შხამით სავსე წერილი შავრაზმელმა კატკოვმა „მოსკოვსკიე ვედომოსტში“ და ურცხვად განაცხადა, ქართველებს უჯობთ, თავიანთი დროშა ცირკს მიჰყიდონო. მას საკადრისი პასუხი გასცა ილიამ თავის წერილში „კატკოვის პასუხად“.

სახალისო

ჩემო მეგობრებო, მოდით ცოტა გავერთოთ და გონებაც გავავარჯიშოთ!


ვინ მოკლა დევი?

   ნაცარქექიამ გაიგო, რომ ვიღაცას დევი მოუკლავს. მან იცოდა, რომ ამის გამკეთებელი შეიძლებოდა ყოფილიყო მზეჭაბუკი, უფლისწული ან ამირანი. ნაცარქექიამ მიიღო ასეთი ინფორმაცია: 1) მზეჭაბუკს არ მოუკლავს დევი; 2) დევი მოკლა უფლისწულმა. შემდგომი გამოკითხვებით ნაცარქექიამ დაადგინა, რომ მიღებული ორი ინფორმაციიდან ერთი სწორია, მეორე კი -არასწორი.
ვინ მოკლა დევი?          


        






მართალია თუ არა ნატო?   
შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როცა დედამ გოგონას დაუძახა: ნატო, რომელი საათიაო? შვილმა უპასუხა: თორმეტის ნახევარიო. დედას ეჭვი შეეპარა, სახლში შევიდა და როცა ნამდვილი დრო შეიტყო, შვილს უსაყვედურა: ასე როგორ მომატყუე, ექვსი საათი ყოფილაო. ნატომ უპასუხა: არ მომიტყუებიხარო და დედას ისეთი სიტყვები უთხრა, რომ თავისი ნათქვამის სისწორეში დაარწმუნა.
როგორ გაიმართლა თავი ნატომ?









მართლები და მატყუარები

  ძველად მეზღვაურებს ზღვაში გასვლის წინ, საზრიანობის შემოწმების მიზნით, შეკითხვებს აძლევდნენ. ერთ მეზღვაურს ასეთი ამოცანა შესთავაზეს: არის ორი კუნძული. ერთზე ცხოვრობენ მხოლოდ მართლები, მეორეზე კი - მხოლოდ მატყუარები. ეს კუნძულები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და მათ მცხოვრებლებს სავაჭრო ურთიერთობა აქვთ დამყარებული. ამიტომ იმ კუნძულზე, სადაც მატყუარები ცხოვრობენ, შეიძლება შეხვდეთ მართლის მთქმელს და პირიქით, მართლის მთქმელების კუნძულზე შეიძლება შეხვდეთ მატყუარას. ამასთან, ცნობილია, რომ მატყუარა, რომელ კუნძულზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ყოველთვის იტყუება, მართლის მთქმელი კი ყველგან სიმართლეს ლაპარაკობს.
ვთქვათ, გემიდან მოჩანს ორივე კუნძული, მაგრამ არ ვიცით, რომელი კუნძულია მართლების და რომელი - მატყუარების. დაგავალეს, რომ უნდა მიადგეთ ერთ-ერთ კუნძულს და პირველსავე შემხვედრს დაუსვათ მხოლოდ ერთი კითხვა. ამ კითხვაზე შემხვედრის პასუხის მიხედვით უნდა დაადგინოთ რომელ კუნძულზე იმყოფებით.
              რა კითხვა უნდა დაუსვას მეზღვაურმა პირველივე შემხვედრს?



пятница, 27 декабря 2013 г.


ქრისტიანული ტრადიციები

საშობაო ნაძვის ხე

იცით, რატომ ვრთავთ საშობაოდ ნაძვის ხეს?
იმიტომ, რომ ნაძვის ხე სიცოცხლის ხეა. ის სულ მწვანითაა შემოსილი, არ ბერდება, არ ჭკნება.
ასევეა ქრისტეც. ის სულ არსებობს, არასოდეს ბერდება, არ იცვლება, ყოველთვის კეთილია და კაცთმოყვარე.
საშობაო ნაძვის ხეს სანთლებით, ტკბილეულით რთავენ და თავზე შობის ვარსკვლავს ადგამენ. ეს ვარსკვლავი იმ უცნაურ ვარსკვლავს განასახიერებს, რომელიც მოგვებს მიუძღოდა ყრმა იესოსთან. სანთლები ქრისტესმიერ ნათელზე მიანიშნებს, ანუ ვინც ქრისტესთან ერთად იცხოვრებს, თვითონაც კეთილი და ნათელი საქმეებით იქნება გამშვენებული. თავად ნაძვი კი, როგორც მარადმწვანე მცენარე, მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. ქრისტემაც ხომ თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და ადამიანებს მარადიული სიცოცხლე მიანიჭა.
ასე რომ, ვინც შეეცდება თავისი საქმეებით ქრისტეს მიბაძოს, მისსავე მსგავს მარადიულ, დაუბერებელ სიცოცხლეს მოიპოვებს.
                                                                      გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“

თოვლის პაპა


ბავშვებს ყველაზე მეტად თოვლის პაპის მოტანილი საჩუქრები უყვართ. მაგრამ როგორ დაწესდა ეს ტრადიცია?

თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ უცხოეთში თოვლის პაპას „სანტა კლაუსს“ უწოდებენ. სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება საშობაოდ თოვლის პაპის მიერ საჩუქრების დარიგების ტრადიცია. 

წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ვიცით, რომ იგი ძალიან მოწყალე იყო და ამ საქმეს ფარულად აღასრულებდა. მას არასოდეს ავიწყდებოდა გაჭირვებული ადამიანები და განსაკუთრებით დღესასწაულებზე შეეწეოდა. შობის ღამეს ჩამოივლიდა და ჩუმად უწყობდა საჩუქრებს ღარიბ ადამიანებს: ზოგს კარებთან დაუტოვებდა, ზოგს ფანჯრიდან შეუგდებდა, ზოგსაც საკვამურში ჩაუგდებდა. ასე დაუკავშირდა წმინდა ნიკოლოზის სახელი ქრისტეშობის დღესასწაულს.







საშობაო საჩუქრები

   საშობაოდ ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიან. ეს ტრადიცია პირველი საუკუნიდან მომდინარეობს. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც სპარსელი მოგვები ყრმა იესოს სანახავად მივიდნენ, მათ თავიანთი საუნჯიდან ახალშობილს საჩუქრები მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. 
     საშობაოდ ერთმანეთისათვის საჩუქრების მიძღვნა სწორედ მას შემდეგ დაწესდა, ამით ჩვენ მოგვების მიერ ქრისტესთვის მირთმეულ ძღვენს ვიგონებთ.

среда, 25 декабря 2013 г.


მოდის ახალი წელი

თოვლის ბაბუა და სანტა თბილისში არიან

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ზღაპრის გმირები ბავშვებთან 
ერთად ცეკვა-სიმღერით შეხვდნენ სანტა-კლაუსს და თოვლის ბაბუას. 
თოვლის ბაბუამ ათვლა დაიწყო-10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 დაააა ნაძვის ხე აინთო.
მერე ასობით! სანტა გამოჩნდა, ისინი მაყურებელში შეერივნენდა შემდეგ საახალწლო ავტობუსებით თბილისის სხვადასხვა რაიონებში გასწიეს.
დედაქალაქში საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს


воскресенье, 22 декабря 2013 г.


საახალწლო ზეიმი

     დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მთელ საქართველოს. პედაგოგმა  მაია თაბუაშვილმა თავის პატარებთან ერთად ლამაზი საახალწლო ზეიმი აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. მეოთხეკლასელები ერთმანეთს ცვლიდნენ ლექსის თქმაში, ცეკვასა და სიმღერაში.
    ზეიმი ანთებული სანთლებით ხელში, თეთრ ანაფორაში ჩაცმულმა ოცდაშვიდმა ლამაზმა ანგელოზმა:  ანა აგაჯანიანმა, გიორგი ალადაშვილმა, ბაქარ არქანიამ, ბაქარ ბალახაძემ, მარიამ ბალხამიშვილმა, მარიამ ბატატუნაშვილმა, თამარ გელბახიანმა, მარიამ გულუნჩაძემ, ნინო ეგრისელაშვილმა, ივა ზედელაშვილმა, თათია თათრიშვილმა, ლუკა მახარაშვილმა, მარიამ მინასიანმა, მარიამ მიქაძემ,    
მარიამ მჭედლიშვილმა, დათუნა ოქრიაშვილმა, კატო პაატაშვილმა, თეონა       პეტრიაშვილმა, ლუკა სოზაშვილმა, ნიკოლოზ ტობეშაშვილმა, მალხაზ ღონღაძემ, გიგი ციკოლიამ, გიგა ცვედაძემ, გიორგი წეროაშვილმა, ზვიად ჯაყელმა და ლევან სიბაშვილმა 

„ალილოს“ სიმღერით დაიწყეს. პატარების თვალებში იმედნი სითბო იგრძნობოდა, რომ ზამთრის ცივ, სუსხიან დღეს ყველა იქ მყოფს ათბობდა და სიცივეს ავიწყებდა.



სულმოუთქმენლად ელოდებოდნენ პატარა მოცეკვავეები თავიანთ გამოსვლას. ივა ზედელაშვილმა, მარიამ მინასიანმა, მარიამ ბალხამიშვილმა, თაკო
გელბახიანმა, ლუკა სოზაშვიმა და ზვიად ჯაყელმა ქართული ხალხური ცეკვებით მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

     ფანდურზე შესწულებული ქართული სიმღერებით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს  თაკო გელბახიანმა და მისმა მეორეკლასელმა დაიკომ თათიამ. დებს არც რუსუდან ბალხამიანი ჩარმორჩა, ფანდური აახმიანა და იმღერა კიდეც.

     სულ ტყუილად ღელავდა მაია მასწავლებელი. მისმა მოსწავლეებმა მართლაც დაუვუწყარი და ლამაზი დღე აჩუქეს მაყურებელს. ზეიმის ბოლოს ბავშვების მხიარული განწყობა მასწავლებელს და მშობლებსაც გადაედო და საახალწლო ფერხულში ჩააბა. ერთად იცეკვეს, იმღერეს და ახალ წელს ერთად ჩაუთქვეს სურვილი. 


     მაია თაბუაშვილმა თავის მოსწავლეებს, იქ მყოფ სტუმრებს და სრულიად საქართველოს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და პატარებს არდადეგების ლამაზად გატარება უსურვა.
     ღიმილმა და სიხარულმა 108 სკოლის მეოთხე კლასის ფანჯრებიდან ქუჩაში გადაინაცვლა და პატარა ცისარტყელებად მთელ საქართველოს მოედო ბავშვების მილოცვასთან ერთად.

მეოთხე კლასელების ზეიმს სხვა კლასელების პედაგოგები და სკოლის მანდატურებიც ესწრებოდნენ. პირველად ღელავდნენ პატარები, მერე კი ისე შევიდნენ როლებში, ისე ომახიანად ამბობდნენ ლექსებს, რომ მათი განწყობა მასწავლებელსაც გადაედო და ღელვაც გაქრა.

გაიღიმეთ, მეგობრობა ხომ ღიმილით დაიწყება-მღეროდნენ პატარები და სახეზე ლამაზი ღიმილი ეფინათ. მათი მართლაც მეგობრული კლასი ღიმილით ეგებება დამდეგს!





გილოცავთ შობა-ახალ წელს!-
ისმოდა ბავშვების წკრიალა ხმები.














ზეიმის ბოლოს ფერადი ბუშტები გაუშვეს,
წრე შეკრეს და ერთად იცეკვეს. ყველას 
უნდოდა ანთებულ ნაძვის ხესთან მაია
 მასწავლებელთან ერთად სურათის გადაღება.

გილოცავთ შობა-ახალ წელს!-ძლივსღა ისმოდა ბავშვების ყიჟუნში და ბუშტების გახეთქვის ხმაში.

   108 სკოლაში მხიარულად, ხმაურით და სიცილ-კისკისით შემოაბიჯა ახალმა წელმა.









                              გილოცავთ ახალ წელს!-იმეორებდა ამხიარულებული სკოლა.



„ცისარტყელა“ 
უერთდება თავის პატარა მეგობრებს და



 გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!